ცხენის ფორმის საფლავის ქვა საქართველოში

ცხენოსნობის ისტორია საქართველოში

 

ანტიკური და შუა საუკუნეების უცხოური თუ ქართული წყაროები მოწმობენ, რომ მდიდარი მხედრული ტრადიციების ქვეყანაში წარმატებით ვითარდებოდა ცხენოსნობის სხვადასხვა სახეობა – დოღი, ცხენოსნური თამაშები, ყაბახი, ისინდი, ჯირითი და სხვ. აქ ცხენის კულტის არსებობაზე მიუთითებს ძვ.წ. II-I ათასწლეულის ბრინჯაოს ბალთებზე შემორჩენილი გამოსახულებები, ხის ურიკები და ცხენის რიტუალური ასამარხები, კოლხეთში, ნაოხვამუში აღმოჩენილი ჯიშიანი ცხენის თიხის ფიგურა. დასტურდება, რომ ქართველურ ტომებს ცხენის მოშენება-გაწვრთნაში მთელ ურარტუში ბადალი არ ჰყოლიათ. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობით, ომის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულთან დაკავშირებით იბერთა მეფე ფარსმან ქველი თანმხლებ წარჩინებულებთან ერთად რომს სწვევია (II ს.) და ცხენოსნური ასპარეზობა გაუმართავს. ქართველთა ოსტატობით აღტაცებული იმპერატორის ბრძანებით, განსაკუთრებული პატივისცემის ნიშნად, მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება აღუმართავთ.
ადრეული პერიოდის სავარჯიშო ნაგებობათა შორის ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია იპოდრომი და ცხენთსარბიელი. იპოდრომის შესახებ პირველ ცნობებს ვხვდებით აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკაში” (კოლხეთში, “არესის ველზე ვრცელი იპოდრომი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ”), პროკოფი კესარიელისა და იოანე შავთელის თხზულებებში. ქართულ ცხენოსნურ ასპარეზობებზე მეტად საინტერესო ჩანაწერები და ნახატები დაგვიტოვეს XVII საუკუნის იტალიელმა მისიონერებმა – არქანჯელო ლამბერტიმ, დიონიჯო კარლიმ და დონ კრისტოფორო დე კასტელიმ. ცხენოსნობის დაწინაურება მნიშვნელოვანწილად განაპირობა მეგრული და თუშური ჯიშის ცხენების მოშენებამ. თუშეთში ყველაზე გავრცელებული ყოფილა ცხენების ჭენება, სამეგრელოში – დოღი, ყაბახი, თარჩია, ისინდი. საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე ცხენოსანთა ტურნირები საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში იმართებოდა და ამ სანახაობას დიდძალი ხალხი ესწრებოდა.
აჭარაში ცხენოსნურ შეჯიბრებაში მამაკაცებთან ერთად ქალებიც მონაწილეობდნენ და ხშირად იმარჯვებდნენ კიდევაც. ცხენოსნობას განსაკუთრებით ბევრი მიმდევარი ჰყავდა აფხაზეთში, აქაური მხედრები დიდი ოსტატობით გამოირჩეოდნენ.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ძველი ქართული მხედრული ტრადიციები განავითარეს რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფმა კავალერისტებმა, მათ შორის გიორგი და კონა ერისთავებმა, ივანე ანდრონიკაშვილმა, გრიგოლ და ილია ორბელიანებმა, სპირიდონ ჭავჭავაძემ, ივანე ამილახვარმა და სხვებმა. თბილისში იპოდრომები მოეწყო დიდუბეში, საბურთალოზე, ვაკეში, დელისსა და ვეძისში. XIX საუკუნის მიწურულს ინგლისსა და ამერიკაში იმოგზაურეს გურულმა მხედრებმა და თავიანთი ოსტატობით აღაფრთოვანეს იქაური მაყურებელი. 1912 წელს ლივერპულის სტიპლ-ჩეიზის დიდი პრიზი მოიგო კონსტანტინე ავალიშვილმა, რომელიც ჯერ მოსკოვის, მერე კი დიდუბის იპოდრომების ჟოკეი იყო.
1920-იანი წლებიდან ეროვნული სახეობების პარალელურად განვითარდა ცხენოსნობის ე.წ. კლასიკური სახეობები. 1923 წელს ჩამოყალიბდა ცხენთგამოცდის კომიტეტი. თბილისის კლუბ “ოსოვიახიმში” გაიხსნა სპორტული ცხენოსნობის სექცია, სადაც მწვრთნელებად მუშაობდნენ მ. ჭავჭავაძე და შ. მაჩაბელი. მოგვიანებით კაპიტონ ნაჭყებიას თაოსნობით სპორტსაზოგადოება “სპარტაკის” ბაზაზე შეიქმნა პირველი საცხენოსნო სკოლა. კლასიკურ სახეობათა დანერგვას საფუძველი ჩაუყარეს ოსკარ და ნატალია როგებმა, მათი საქმე კი ნაყოფიერად გააგრძელეს რევაზ კორძაიამ, რევაზ მანჯავიძემ, დიმიტრი წვერავამ, შოთა აფციაურმა და სხვებმა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გახშირდა მასობრივი ცხენოსნური შეჯიბრებები, რომლებშიც მონაწილეობდნენ თბილისის, სენაკის, გუდაუთის, ოჩამჩირის, სოხუმის, გალის, ფოთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქუთაისის, წალენჯიხის, ქობულეთისა და სიღნაღის ცხენოსნები. არაერთ ქალაქსა და რაიონში მოეწყო იპოდრომები და სპეციალური მოედნები. ცხენოსნური სპორტული სკოლები გაიხსნა გუდაუთაში, სოხუმში, ზუგდიდში, გალსა და ჩოხატაურში.
საქართველოში ცხენოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კ. მიქელაძემ, ბ. დადიანმა, ე. ერისთავმა, გ. ივანიძემ, ფ. მჭედლიშვილმა, გ. ქიქავამ, კ. ხარებავამ, ი. ჩალიმ, დ. კანკავამ, ს. დარასელიამ, მიხეილ მაისეევ-ჩერკასკიმ, ვ. ჯგერენაიამ, ი. კიზირიამ, ვ. მაქაცარიამ, შ. ჭურღულიამ, გ. ჩხიკვაძემ, ვ. ლაშქარავამ, ჭ. კვარაცხელიამ, გ. გამზარდიამ, დ. ხოფერიამ, ლ. ჯაიანმა და სხვებმა.
მდიდარი ცხენოსნური ტრადიციების მიუხედავად, კლასიკურ სახეობებში საქართველოს მხედართა წარმატებები მხოლოდ საბჭოური შეჯიბრებებით შემოიფარგლა. სხვადასხვა დროს სსრკ ჩემპიონები იყვნენ ნატალია როგე-ვასილიევა, ზალატისკა ანშბა, ანატოლი დოლჟენკო, ავთანდილ კიკიანი და ხარლამ სიმონია. სახელი გაითქვეს აგრეთვე მურად ძიძიგურმა, ოთარ ხაინდრავამ, შოთა აფციაურმა, ალექსანდრე დგებუაძემ და სხვებმა.

საქართველოს ცხენოსნობის ფედერაცია. დაფუძნდა 1991 წლის 30 მაისს. 1992 წლის ოქტომბრიდან თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო ფედერაციის (UIPMB) წევრია. პრეზიდენტები: დავით სალარიძე (1991-96), თენგიზ აბულაძე (1996-2003), ვალერიან როგავა (2003-04), თენგიზ აბულაძე (2004 წლიდან).

ბმულები:

საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი

Wild West Georgians